Thursday, October 29, 2015

საქართველოს მთავრობა, ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად საჭირო რეფორმებზე, აქტიურად მუშაობს

ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში, ქეთი კრიალაშვილის შეფასებით, "Doing Business"-ის მეთოდოლოგია სიღრმისეულად აფასებს ქვეყნების მდგომარეობას და რეგულაციების ხარისხს. 

როგორც ექსპერტმა "პირWელს" განუცხადა, საქართველო ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად საჭირო რეფორმებზე.

„აღსანიშნავია, რომ შარშან დაწყებული მეთოდოლოგიის ცვლილება გრძელდება და მომავალ წელსაც იგეგმება მასში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად საჭირო რეფორმებზე, რაც ასევე აისახება „Doing Business“-ის რეიტინგზე: მომზადებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც უკვე განხილულია ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და პრაქტიკოს იურისტებთან. მზადების პროცესშია ცვლილებები მეწარმეთა შესახებ კანონში და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში. მომზადებულია ასევე სამშენებლო კოდექსის პროექტი, შეიქმნა ინვესტორთა საბჭო; შემცირდა მშენებლობის ნებართვის გაცემის ვადა; საქალაქო სასამართლოში ამოქმედდა ელექტრონული დეკლარირების სისტემა. www.icourt.ge პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია საჩივრის შეტანა ელექტრონულად, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად“,- აღნიშნა ექსპერტმა.

მისივე თქმით, რეფორმები სხვა მიმართულებებითაც გრძელდება. კრიალაშვილმა აქვე აღნიშნა „Doing Business“-ის რეგიონული კონფერენციის მნიშვნელობა, რომელიც საქართველოში ჩატარდება.

„2016 წლის დასაწყისში საქართველოში ჩატარდება Doing Business-ის რეგიონული კონფერენცია, სადაც  საქართველოს ბიზნეს-გარემო განიხილება და Doing Business-ის ჯგუფი მეთოდოლოგიურ ცვლილებებზე  პრეზენტაციას გააკეთებს. ასევე, გაიმართება შეხვედრები კერძო სექტორის და მთავრობის წარმომადგენლებთან და განიხილება ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის საჭირო რეფორმები“,- განაცხადა კრიალაშვილმა.

ცნობისთვის, მსოფლიო ბანკის „Doing Business“-ის ანგარიშის მიხედვით საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა და კვლავ 24-ე ადგილზეა მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის. ასევე მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესებულია - 76,84-დან 77.45-მდე, რაც პროგრესის მაჩვენებელია. 

ეკა ჭიღლაძე


წყარო: http://pia.ge/show_news.php?id=52522 

1 comment:

  1. სად შეიძლება სანშენებლო კოდექსის ნახვა ?

    ReplyDelete