“ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა” ახალი ინოვაციური ხედვა წარმოადგინა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, მათ შორის ბუნებრივი რესურსების, კერძო საკუთრებაში გადასვლას.
ახალი სტრატეგიით საქართველოს თითოეულ მკვიდრს (მათ შორის სამჩაბლოს და აფხაზეთის ჩათვლით), ეძლევა შესაძლებლობა გახდეს სხვადასხვა ბუნებრივი რესურსის, საბადოს მესაკუთრე/აქციონერი. ასევე მას უჩნდება ხელმისაწვდომობა ფულზე, გახდეს ეკონომიკური საქმიანობის აქტიური ან პასიური სამეურნე აგენტი და შედეგად მიიღოს ეკონომიკური სარგებელი.
გეგმის მიხედვით, უნდა მოხდეს აქტივების უფასო პრივატიზაცია, რადგან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განკერძოება ფულზე გაყიდვით მოქალაქეთა მსყიდველობითი უნარის არქონის გამო ვერ ხორციელდება. შესაბამისად, მოქალაქეებს საბადოების აქციების შესაძენად უნდა დაურიგდეთ საპრივატიზაციო ფული „ინვესტი“. ამ მიზნით უნდა მოხდეს საბადოების სააქციო საზოგადოებებად (სს) ფორმირება-აქციონირება და ეფექტური მექანიზმით აქციების საქართველოს მოქალაქეების ხელში გადასვლა.
პროცესის მიზანია, ამოქმედდეს გაჩერებული აქტივები (ბუნებრივი რესურსები), რომლის საზოგადოებრივი სარგებელი დღეს ნულოვანია. აქციების მეშვეობით, საფინანსო ბაზრებიდან თავისუფლად მოიზიდოს დაფინანსება და მოხდეს უძრაობიდან აქტიური ეკონომიკური საქმიანობის ფაზაში გადასვლა.
ინოვაციური ხედვა კერძო სექტორს შემოქმედებითი უნარის რეალიზაციის საშუალებას მისცემს. პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის თანამედროვე საბაზრო პრინციპებზე გადასვლასა და მის მაღალ განვითარებას.
No comments:
Post a Comment