ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "ბილაინმა" მომსახურება გააძვირა. კომუნიკაციების სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კომპანიის მიმართ ნდობა შესუსტდება, რადგან ამ გადაწყვეტილებით "ბილაინმა", შესაძლოა, "იაფი ტარიფის" მქონე კომპანიის სტატუსი დაკარგოს.
ცვლილებაა სატარიფო პაკეტ "მარტივში", რომელშიც ზარის წამოწყების ღირებულება გაორმაგდა. რეალურად, ეს მომსახურება მომხმარებლისთვის სულაც არ არის მარტივი. აღსანიშნავია, რომ "ბილაინმა" მომხმარებლის გარკვეული კატეგორიის ნდობა სწორედ ამ ხელმისაწვდომი პაკეტის საშუალებით მოიპოვა.
ცოტა ხნის წინ "მარტივით" მოსარგებლე აბონენტები ზარის წამოწყების მომსახურებისთვის 5 თეთრს იხდიდნენ, თუმცა კომპანიამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო და ტარიფი 10 თეთრამდე გაზარდა.
სპეციალისტების ვარაუდით, "ბილაინი", აბონენტენთან ერთად, მომხმარებელთა პოპულარობასაც თანდათან დაკარგავს. მეტიც, კომუნიკაციების სფეროს წამყვანი სპეციალისტი არჩილ გამზარდია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, დავუბრუნდეთ იმ მდგომარეობას, რომელიც კონკურენციის გამძაფრებამდე იყო და მომხმარებელს მაღალი ტარიფის გადახდა უწევდა.
"ტარიფთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება "ბილაინს" დააზარალებს და ამით მომხმარებლის უნდობლობასაც დაიმსახურებს. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომპანიამ ტარიფი შეგნებულად გააძვირა და შესაძლოა, ეს ნაბიჯი სხვა კომპანიებმაც გადადგან. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მობილური ოპერატორების ბაზარზე ფსევდოკონკურენტული გარემო შეიქმნას. იმედია, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ამას არ დაუშვებს.
თუ ეჭვი გამართლდა, სერიოზულად დაზარალდება მომხმარებელი. ფაქტობრივად, "ბილაინი" იყო პირველი, რომელმაც კონკურენციის მიზნით იაფი ტარიფის შემოიღო და ამან მნიშვნელოვნად შეცვალა მანამდე არსებული მდგომარეობა. გამოდის, რომ მობილური ოპერატორების მომხმარებელი დაუცველია და სახელმწიფო ამ პროცესში თავისი მარეგულირებელი მექანიზმით აქტიურად უნდა ჩაერთოს. როცა "ბილაინი" ტარიფით ცდილობს გაასწროს კონკურენტ კომპანიებს, ნებისმიერი საპირისპირო ქმედება მისი თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება", - აცხადებს არჩილ გამზარდია.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგების მიმართულების ხელმძღვანელი ეკატერინე კვანტალიანი ფიქრობს, რომ "ბილაინმა" არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
"ცნობილი ფაქტია, რომ კომპანიამ მომხმარებელი იაფი ტარიფით მიიზიდა. თავის დროზე ამ ნაბიჯმა გაამართლა. არ გამოვრიცხავ, საპირისპირო ქმედებით "ბილაინმა" მომხმარებლის გარკვეული რაოდენობა დაკარგოს, რადგან ასეთი გადაწყვეტილებებით მის მიმართ ნდობა შესუსტდება", - ფიქრობს კვანტალიანი.
განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ქეთი კრიალაშვილი განმარტავს, რომ ტარიფის გაზრდა "ბილაინის" მარკეტინგული სვლაა, რის უფლებაც მას ჰქონდა, თუმცა აქვს სხვა საშეღავათო პირობაც, რაც კომპანიას მომხმარებლის შენარჩუნებაში შეიძლება დაეხმაროს.
"მომხმარებელი, რომელიც ჩათვლის, რომ "ბილაინის" გადაწყვეტილებით მისი უფლებები შეიზღუდა, სხვა ქსელზე "გადაპორტირდება". ეს მისი უფლებაა. "ბილაინს" აქვს სხვა უპირატესობა, როგორიცაა როუმინგის პირობები. მომხმარებელთა იმ კატეგორიას, რომელიც ამ მომსახურებით სარგებლობს, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან ცოტაა ისეთი მომხმარებელი, რომელსაც სხვა ალტერნატივა არ აქვს.
"ბილაინს" უმეტესად ის კატეგორია მიმართავს, რომელიც პარალელურად სხვა ქსელის მომხმარებელიცაა. ძნელია, შევაფასო რამდენად სწორია მისი გადაწყვეტილება ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით, ეს მისი მარკეტინგული სვლაა, უბრალოდ, ის აღარ იქნება ბაზარზე "იაფი სერვისით" წარმოდგენილი, რისი პრეტენზიაც აქამდე ჰქონდა. ცხადია, რომ გაზრდილი ტარიფით "ბილაინი" სხვა მობილურ ოპერატორებს გაუთანაბრდება", - აცხადებს ქეთი კრიალაშვილი.
არ არის გამორიცხული, "ბილაინმა" მომხმარებელთა ნდობა დაკარგოს და ბაზარზე პოზიცია შეერყას, რასაც სპეციალისტების ერთი ნაწილი ვარაუდობს კიდეც. წლების განმავლობაში იგი იაფი ტარიფის პოლიტიკას ადგა და ამ გზიდან გადახვევა მომხმარებლებთან ურთიერთობაში კომპანიას პრობლემას შეუქმნის.
მარიკა გოგოხია
(16.02.2016)
(16.02.2016)
No comments:
Post a Comment