პარლამენტში კვლავ აქტიურად განიხილება სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის კანონპროექტი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის განხილვაც დაწყებულია, მთავრობის წევრებმა წარმოადგინეს და ითვალისწინებს შემდეგს – თუ პიროვნებას მიწაზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, ასეთი მიწები სახელმწიფო საკუთრებაში მოექცევა.
„წარდგენილ კანონპროექტებში არსებულმა ხარვეზებმა გამოიწვია ის უკმაყოფელება, რომელიც დღეს მოსახლეობაში არსებობს. პროცედურულად ვერ ხორციელდება მფოლბელობაში არსებული მიწების საკუთრებაში ფორმირება. აღნიშნული მოდელის დახვეწაც რომ მოხდეს, ამ ფორმით შეუძლებელი იქნება მიწების კერძო საკუთრების ფორმირება. ამიტომ შევიმუშავეთ ალტერნატიული მოდელი, რომლის სამთავრობო დონეზე წარდგენაც იგეგმება“, – განაცხადა კრიალაშვილმა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ მიწებს გლხები აქამდეც იყენებდნენ, თუმცა მათ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნიათ. შესაბამისად, ისინი კერძო საკუთრებად ვერ ჩაითვლება.
„ჩვენს მიერ შემუშავებული გეგმა, ვფიქრობ, იდეალურია და ამ პრობლემას ძალიან სწრაფად წყვეტს. სახელმწიფო ქონების უფასო განკერძოების პილოტის პარალელურად, თითოეულ სოფელს ეძლევა უფლება გამოაცხადოს დახურული აუქციონი. ამ დახურულ აუქციონებზე, ოჯახები შეძლებენ მათთვის სასურველი (მფლობელობაში, მაგრამ არა კერძო საკუთრებაში არსებული) მიწების ყიდვას. ამისთვის ისინი გამოიყენებენ არა ჩვეულებრივ ფულს, არამედ მთავრობის მიერ ნაჩუქარ “ინვესტებს”, – თქვა კრიალაშვილმა.
აღნიშნული ინიციატივის მიხედვით „ინვესტები“ უფასოდ ურიგდებათ მოქალაქეებს. პილოტი გრძელდება 18 თვის განმავლობაში, რათა მოხდეს პრობლემური მიწების დარეგისტრირება და მისი კერძო საკუთრებაში უმტკივნეულოდ გადასვლა. ამ პერიოდში, თვეში ერთხელ თითოეული მოქალაქე საჩუქრად იღებს 1000 “ინვესტს”. დახურული სოფლის აუქციონები იქნება პარალელური პროცესი. ღია აუქციონებზე კი, თითოეულ თვეში შესაბამისი ქონება გავა. ყოველთვიურად უფასოდ განკერძოვდება ღია აუქციონებზე 1800 მიწის ნაკვეთი, 540 შენობა-ნაგებობა, 16 საბადოს აქციები (ყოველ თვე გარკვეული პროცენტულობით) და 34 სახელმწიფო კომპანიის აქციები.
კითხვაზე თუ რატომ არის მიწების დასაკუთრების საჭიროება დახურული აუქციონებით, ქეთევან კრიალაშვილი პასუხობს: „ამის მიზეზი ისაა, რომ ეს ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ ამ მიწას. დახურულ აუქციონებზე მათ არ მოუწევთ კონკურენციაში შესვლა მთელი ქვეყნის მოქალაქეებთან, რაც სამართლიანად მიგვაჩნია“.
სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების გარდა, საკითხის გადაწყვეტაზე მსჯელობენ ოპოზიციური პარტიებიც. ფრაქციები თანხმდებიან, რომ ამ კუთხით რეალობა ერთობ რთულია და დროულადაა გამოსასწორებელი. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი უახლოეს დღეებში ალტერნატიულ კანონპროექტს შეიტანენ.
„მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით დადგა საშიშროება, რომ გლეხმა მიწა დაკარგოს. კახეთის მაგალითზე გეტყვით, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. შესაძლოა ისედაც გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი გლეხი, საერთოდ ულუკმაპუროდ დარჩეს“, – აცხადებენ პარტიაში.
რაც შეეხება პოლიტიკურ ცენტრ „გირჩის“ ინიციატივას, მისი განხილვა 26 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოეწყო, თუმცა პარლამენტარებმა ესეც დაიწუნეს.
ზურაბ ჯაფარიძემ კოლეგებს კანონპროექტის ზოგადი პრინციპები გააცნო და განაცხადა, რომ თუ სახელმწიფოს სურს რაც შეიძლება სწრაფად და შედარებით უმტკივნეულოდ მოაგვაროს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დაკანონებასთან დაკავშირებული პრობლემები, დღესვე უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები და შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. მას ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება მიაჩნია, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი მიწის ნაკვეთის მფლობელობის ფაქტი უნდა იყოს. მარეგისტრირებელ ორგანოს მიწის ნაკვეთის მფლობელობას მფლობელი განცხადებით უდასტურებს.
აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, მფლობელობის საფუძველზე საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე არ რეგისტრირდება, თუ წარმოდგენილია დოკუმენტი, რომელიც მფლობელის სასარგებლოდ საკუთრების უფლების რეგისტრაციას გამორიცხავს. მომხენებელმა დეტალურად განმარტა რეგისტრაციის პროცედურების ყველა ის საკითხი, რამაც შეიძლება თავი იჩინოს მიწების რეგისტრაციის პროცესში. „პროცესი არის თავიდან ბოლომდე საჯარო და თუ ვინმეს, მათ შორის სახელმწიფოს ექნება პრეტენზია, მიწა არ დარეგისტრირდება და საქმე განსახილველად გადავა სასამართლოში“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, საკითხი რთული, კომპლექსური და სენსიტიურია და იგი სამართლებრივ მოწესრიგებას ნამდვილად საჭიროებს, თუმცა საკითხის გადაწყვეტა ახალ მიდგომებს ითხოვს და ამ მიმართულებითაც მუშაობენ.
კომიტეტი წარმოდგენილ კანონპროექტს, ძირითადად, ადამიანის უფლებათა ჭრილში იხილავს და დასკვნასაც ამ კუთხით წარადგენს. კერძოდ, როგორიცაა უფლებრივი საკითხები, ის, თუ რამდენადაა დაცული როგორც მფლობელის, ასევე მესაკუთრის სამართლებრივი უფლებები, რამდენად გონივრული ვადებია დადგენილი მოდავე მხარეებს შორის დავის გადასაწყვეტად და ა.შ. სხდომაზე გამოთქმული წინადადებები და შენიშვნები აისახება კომიტეტის დასკვნაში, რომელიც წამყვან კომიტეტს წარედგინება.
წყარო: Observer Georgia
No comments:
Post a Comment