Monday, March 14, 2016

რა პირობებით მოექცევა მიწები სახელმწიფო საკუთრებაში – რას გულისხმობს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

სოციალურ ქსელში ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრისა და ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის მიერ ერთობლივად შემუშავებული მცირე ვიდეორგოლი გამოჩნდა, სადაც  მთავარი აქცენტები კერძო საკუთრების ფორმირებაზეა გაკეთებული, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სასოფლო-სამეურნეო მიწებია. მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, თუ პიროვნებას მიწაზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნება, მისი მიწა სახელმწიფო საკუთრებაში მოექცევა. ამ თემაზე კომენტარი „კომერსანტმა“  პროექტის და იდეის ერთ-ერთ თანაავტორსა და ცენტრის წარმომადგენელ, ქეთევან კრიალაშვილს სთხოვა. 


- რამდენად მართებულია აღნიშნული ინიციატივა და რა დადებითი და უარყოფითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს? ასევე ნაციონალურმა მოძრაობამ წარადგინა ალტერნატიული და მას როგორ აფასებთ?

– მიწები,  რომლებიც არ არის კერძო საკუთრებაში, ითვლებოდა და დღესაც ითვლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებად.  აქ  ჩვენთვის რაიმე სიახლეს ვერ ვხედავ. აუცილებელია მიწების დიდი ნაწილის გადასვლა კერძო საკუთრებაში! თუმცა იმისთვის რათა ეს მოხდეს, აუცილებელია არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ამ პროექტში არ ჩანს. შესაბამისად, ახლაც და ადრე წარდგენილ კანონპროექტებში არსებულმა ხარვეზებმა გამოიწვია ის უკმაყოფელება, რომელიც დღეს მოსახლეობაში არსებობს.   პროცედურულად ვერ ხორციელდება მფლობელობაში არსებული მიწების საკუთრებაში ფორმირება.  აღნიშნული მოდელის დახვეწაც რომ მოხდეს, ამ ფორმით, შეუძლებელი იქნება  მიწების კერძო საკუთრებით ფორმირება, ამიტომაც ალტერნატიული მოდელი შევიმუშავეთ, რომელსაც საზოგადო და ფართო განხილვებს მოიცავს და შესაბამისად მისი სამთავრობო დონეზე წარდგენაც იგეგმება 

– ფაქტია, რომ გლეხები გარკვეულ მიწებს აქამდეც იყენებდნენ... 

– დიახ, ეს ასეა, მაგრამ სამწუხაროდ ბევრ ასეთ მიწაზე არავითარი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს. შესაბამისად ისინი კერძო საკუთრებად ვერ ჩაითვლება.

– რა უნდა მოიმოქმედოს მთავრობამ ამ მიწების დასაკუთრებისთვის?

– ჩვენს მიერ შემუშავებული გეგმა, ვფიქრობ იდეალურია და ამ პრობლემას ძალიან სწრაფად წყვეტს. სახელმწიფო ქონების უფასო განკერძოების პილოტის პარალელურად, თითოეულ სოფელს ეძლევა უფლება გამოაცხადოს დახურული აუქციონი. ამ დახურულ აუქციონებზე, ოჯახები შეძლებენ თავიანთვის სასურველი (მფლობელობაში, მაგრამ არა კერძო საკუთრებაში არსებული) მიწების ყიდვას.  ამისთვის ისინი გამოიყენებენ არა ჩვეულებრივ ფულს, არამედ გამოიყენებენ მთავრობის მიერ ნაჩუქარ "ინვესტებს". 

– მოცემული "ინვესტები" უფასოდ ურიგდებათ მოქალაქეებს?

– დიახ,  პილოტი გრძელდება 18 თვის განმავლობაში. ამ პერიოდში, თვეში ერთხელ თითოეული მოქალაქე იღებს 1000 "ინვესტს" საჩუქრად. დახურული სოფლის აუქციონები იქნება პარალელური პროცესი. ღია აუქციონებზე კი, თითოეულ თვეს გავა შესაბამისი ქონება.

– კონკრეტულად რა ქონებაზეა საუბარი?

– ყოველთვიურად უფასოდ განკერძოვდება ღია აუქციონებზე 1800 მიწის ნაკვეთი, 540 შენობა-ნაგებობა, 16 საბადოს აქციები (ყოველ ტვე გარკვეული პროცენტულობით), 34 სახელმწიფო კომანიის აქციები. 

– პრობლემური მიწების დასაკუთრება რატომ გადაწყვიტეთ დახურული აუქციონებით?

– ამის მიზეზი ისაა, რომ ეს ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ ამ მიწას. დახურულ აუქციონებზე მათ არ მოუწევთ კონკურენციაში შესვლა მთელი ქვეყნის მოქალაქეებთან. რაც ვთვლით რომ სამართლიანია! 

– თვლით რომ ეს პროცესი 18 თვეში დამთავრდება?

– პრობლემური მიწების დარეგისტრირება და მისი კერძო საკუთრებაში  უმტკივნეულოდ გადასვლა ამ პერიოდში აუცილებლად დამთავრდება.

No comments:

Post a Comment