Sunday, June 18, 2017

„საარსებო მინიმუმის გაზრდა იწვევს შიშს, რომ მისი სოციალურ პაკეტებთან სწორება მოხდება"

საარსებო მინიმუმი აპრილთან შედარებით, 2,4 ლარით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 173 ლარი და 20 თეთრი შეადგინა. მაისში საარსებო მინიმუმი წლიურად 13,4 ლარითაა გაზრდილი.

ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული ცენტრის დირექტორის ქეთევან კრიალაშვილის განცხადებით, საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიაში ბევრი ხარვეზია. როგორც კრიალაშვილმა რადიო „კომერსანტის" გადაცემაში „პროფესიონალები" აღნიშნა, საარსებო მინიმუმში სურსათთან ერთად, კომუნალურების და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯებიც შედის.


„საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიაში ძალიან ბევრი ხარვეზია და შესაბამისად, ამ ხარვეზების გათვალისწინებით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის ნიშნული, ნამდვილად არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც სწორი მეთოდოლოგიის არსებობის შემთხვევაში დაითვლებოდა. დღეს, საარსებო მინიმუმი 173 ლარი ნამდვილად არ შეიძლება იყოს. ეს არის შრომისუნარიან მამაკაცზე დათვლილი საარსებო მინიმუმი, რომელიც არამარტო კვებითი რაციონით დაკმაყოფილებას გულისხმობს, ანუ 2300 კილოკალორიის, არამედ ამ თანხაში შესულია ყველა ის კომუნალური თუ სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯი, მათ შორის, ტრანსპორტირებაც, რომელიც სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ მან მინიმალური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს", - განაცხადა კრიალაშვილმა.


მისი თქმით, საარსებო მინიმუმში სასურსათო და არასასურსათო კალათის 70/30-ზე გადანაწილება რაციონალური არ არის, რადგან ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება და უკეთესი იქნებოდა, რომ საარსებო მინიმუმი ზამთრის და ზაფხულის კალათების მიხედვით დათვლილიყო.


„ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის, რომ ეს გადანაწილება 70/30-ზე არ შეიძლება რაციონალური იყოს. ჩვენ რომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვინდა გავხდეთ ევროპული ქვეყანა, მათგან საუკეთესო პრაქტიკა უნდა შემოვიღოთ. რეკომენდაცია იყო გაწეული, რომ გადანაწილება სხვა თანაფარდობით ყოფილიყო - სულ მცირე 60/40-ზე. რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს, ეს არის 2300 კილოკალორაჟი. გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე, შეიძლება, რომ ეს კილოკალორიები 2500-მდე გაიზარდოს შრომისუნარიანი მამაკაცისთვის, მაგრამ საინტერესო იქნებოდა, რომ მოხდეს საარსებო მინიმუმის სეზონური დათვლა, ზამთრის და ზაფხულის კალათებით იმიტომ, რომ ეს უფრო რეალურ სურათს მოგვცემდა",- აღნიშნა ქეთევან კრიალაშვილმა.


ამასთან, მისი შეფასებით, შესაძლოა, ხელისუფლებას საარსებო მინიმუმის გაზრდის შიში აქვს და ისინი ფიქრობენ, რომ ამ პროცესს სოციალური პაკეტების ცვლილებაც მოჰყვება: „საარსებო მინიმუმის გაზრდა გარკვეულწილად იწვევს შიშს იმისა, რომ სოციალური პაკეტების სწორება მოხდეს საარსებო მინიმუმთან. შეიძლება ხელისუფლება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირები ხელოვნურად აბროკოლებენ ამ პროცესს, რადგან ფიქრობენ, რომ მინიმუმის გაზრდა სოციალური პაკეტის ცვლილებას მოახდენს. წესით, ეს არ უნდა იყოს შიშის მომგვრელი იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმი გარკვეულწილად არის ინდიკატორი, საითკენაც უნდა წავიდეს ჩვენი სოციალური პოლიტიკა".


No comments:

Post a Comment