Monday, August 28, 2017

რა არის კლასტერი?

მეოცე საუკუნის  80-იან წლებში, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, მაიკლ პორტერმა შექმნა რეგიონალურ კლასტერებზე დაფუძნებული ეროვნული კონკურენტუნარიანობის სტრატეგიის თეორია, სადაც ქვეყნის მთავრობა, კერძო სექტორი, შესაძლებლობები, მოთხოვნა და კონკურენცია ქმნიან ისეთ სტრუქტურას, რომელიც ინდუსტრიათა ერთობა (განუსაზღვრელად სახელმწიფოს ზომისა)   მძაფრ კონკურენციას უწევენ მსოფლიოს ბაზარზე წამყვან ბიზნეს სუბიექტებს.  კლასტერები წარმოადგენს კონკრეტულ სფეროში ურთიერთდაკავშირებული ბიზნესის, მიმწოდებელი კომპანიებისა და დამაკავშირებელი ინსტიტუტების  გეოგრაფიულ კონცენტრაციას, რომლებიც იზიარებენ საერთო ცოდნას/ღირებულებებს, სამუშაო ძალას, ბაზრებსა და სადისტრიბუციო არხებს.


კლასტერების ძირითადი მონაწილეები არიან:
  • კერძო სექტორი
  • სამეცნიერო/კვლევითი ინსტიტუტები
  • ფინანსური ინსტიტუტები
  • საჯარო სექტორი

ამასთანავე მონაწილეებად შეიძლება მივიჩნიოთ ფორმალური და არაფორმალური ორგანიზაციები, რომელთა ინტერესშიც არის კლასტერების განვითარება. ( სავაჭრო პალატაბიზნეს ინსტიტუციები და სხვა)

პორტერმა თავის მონოგრაფიაში  “ერების კონკურენტული უპირატესობები”  ნათლად განსაზღვრა, რომ  აშშ- წამყვანი კონკურენტული პოზიცია ინოვაციებში სწორედ განპირობებული იყო კლასტერების ფორმირებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიოტექნოლოგია, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგია მასაჩუსეტისა და კალიფორნიის შტატებში, ჰოლივუდსა და ლოს-ანჟელესში.

21- საუკუნის დასაწყისში მოწინავე ეკონომიკის მქონე თითქმის ყველა სახელმწიფო ხელს უწყობდა ეროვნული კონკურენტუნარიანობის ზრდაზე ორიენტირებული რეგიონალური ინოვაციური სისტემისა და კლასტერების განვითარების პოლიტიკას, როგორც საშუალებას ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის.

ევროინტეგრაციის პროცესმა ხელი უნდა  შეუწყოს საქართველოში კლასტერული განვითარების შესაძლებლობებების გამოვლენას და პერსპექტივების კვლევას. არსებული მცირერიცხოვანი კვლევები აჩვენებენ, რომ მაგალითად,  ღვინისა და ტურიზმის კლასტერის განვითარებას კახეთის რეგიონში შეუძლია დამატებითი ღირებულება შესძინოს ადგილობრივ სოფლის მეურნეობას, ხელი შეუწყოს სიღარიბის აღმოფხვრას, შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი ტურისტი და ..
კლასტერების განვითარების ერთ-ერთ ფინანასურ ინსტრუმენტად პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა  ის საგრძნობლად ვერ შეცვლის ტექნოლოგიური ცონდის მდგომარეობას და ვერ გაზრდის მოგებას, სანამ განვითარებადი ქვეყნები არ მიაღწევენ  განათლების, ტექნოლოგიის ათვისების, ადაპტირების, დაუფლებისა და გაუმჯობესების ზრდას. კლასტერების ფორმირებისას სახელმწიფოს მხრიდან ჩარევამ განიცადა ტრანსფორმაცია, რაც გამოიხატა პირდაპირი მონაწილეობიდან არაპირდაპირ ჩართულობაზე გადასვლაში. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს კომერციალიზაციაზე ორიენტირებული კვლევების ხელშეწყობას საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობისა და თანამონაწილეობის გზით, ასევე  საგადასახადო სტიმულების უზრუნველყოფით.

კლასტერული პოლიტიკის ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს კლასტერის კონკურენტუნარიაობის ზრდა, საექსპორტო ბაზრებზე ფოკუსირებით, რისთვისაც საჭიროა სწორად გათვლილი მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება. ამისათვის საჭიროა რესურსების (როგორც შიდა ასევე გარე) მობილიზება. სწორი ბრენდირება დაეხმარება კლასტერს ცნობადობის ამაღლებაში, რაც თავის მხრივ ინვესტიციების გაზრდას შეუწყობს ხელს, ეს კი პროფესიონალიზმის აუცილებლობას და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვას შეუწყობს ხელს.  შესაბამისად, საინტერესო იქნება კვლევაში  მოხდეს საქართველოში კლასტერული პოტენციალის კვლევა, რეგიონების, დარგების და ფორმების მიხედვით, რომელთა სწორი ფორმირება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას.


No comments:

Post a Comment