Friday, November 16, 2018

არაპროგრესული სოციალური პროგრესი საქართველოში

კვლევების ცენტრი Deloitte ყოველწლიურად აქვეყნებს ქვეყნების სოციალური პროგრესის ინდექსს, რომელიც გარკვეული წესით გამოითვლება და სარეიტინგო ქულებს ანიჭებს 146-მდე სახელმწიფოს.
წლევანდელი ინდექსის მიხედვით საქართველო 54- ე ადგილს იკავებს, რაც წინა წლის მაჩვენებლის გაუარესებაზე მიანიშნებს. შარშან საქართველო 146 ქვეყანას შორის 53 ადგილას იმყოფებოდა და მისი სარეიტინგო ქულა 70, 80-ს შეადგენდა.

სიღარიბის საგანგაშო სტატისტიკა , უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, გაზრდილი სამომხმარებლო ფასები და კრიმინალის შემთხვევები- კვლევები და ექსპერტები ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ. ამ დროს კი საერთაშორისო კვლევებით ჩვენი ქვეყანა სოციალური პროგრესის ინდექსით ერთერთ მოწინავე ადგილზეა და მაღალ სარეიტინგო ქულებს ფლობს.
რა განაპირობებს ამ კონტრასტს- რეალობასა და კვლევით დადგენილ ციფრებს შორის და როგორ ხდება ამ კონკრეტული ინდექსის გამოთვლა, რომელიც არც ისე პროგრესული მდგომარეობის ინდექსს პროგრესულად გვიჩვენებს , “თბილისი თაიმსს” ამ საკითხზე ესაუბრა ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან კრიალაშვილი .
„საქართველო სოციალური პროგრესის ინდექსში წელს ჩამოქვეითდა და 146 ქვეყანაში 54- ე ადგილზეა, როცა შარშან 53- ე ადგილზე ვიყავით. რა გახდა ამის მიზეზი და რამ განაპირობა ეს ?
პირველ რიგში,  მეთოდოლოგიას უნდა მიექცეს ყურადღება. ამ შემთხვევაში აღნიშნული ინდექსის გამოთვლისას შედარება ხდება მსგავსი მშპ-ს მქონე ქვეყნებთან, როგორიცაა სომხეთი, პარაგვაი, უკრაინა, ინდონეზია, გვატემალა, ეგვიპტე, ეკვადორი, მოროკო და სხვა. შესაბამისად შედარებისას შეიძლება კონკრეტულ ქვეყნებში რომელიმე პარამეტრი გაუმჯობესებულიყო, რამაც 1 საფეხურით უკან გადაგვწია, თუმცა იმის თქმა, რომ საერთო სურათი შეიცვალა, ამ შემთხვევაში არ იქნებოდა რეალობასთან ახლოს.  რეალური გაუარასება იქნებოდა, თუ სხვა ქვეყნების ჯგუფში აღმოვჩნდებოდით ან/და ამ ქვეყნების მშპ -ს მკვეთრი ზრდა დაფიქსირდებოდა.
რა ძირითადი ფაქტორებით ხდება სოციალური პროგრესის ინდექსის დადგენა და ჩვენ მიერ მიღებული სარეიტინგო ქულა რამდენად მაღალია, ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა ?
სოციალური პროგრესის ინდექსი ისეთ პარამეტრებზეა დაფუძნებული, როგორიცაა ადამიანისთვის საჭირო საბაზისო საჭიროებები- მაგალითად კვება და ძირითადი მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რომელიც ამავდროულად დაკავშირებულია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე, რომელიც შეიძლება იყოს ინფექციური დაავადებით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე.  წყალი და სანიტარია, ასევე ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომობა, ბუნებრივი აირის კომპონენტიც არის გათვალისწინებული და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა- რომლის პარამეტრიც, სამწუხაროდ გაუარესებულია. ამავე ჯგუფში შედის პოლიტიკური მოტივით მკვლელობა და კრიმინალის ზრდა – რომელიც ასევე დაფიქსირებულია და შესაბამისად ამ კომპონენტში უკან დავიხიეთ.
მეორე ძირითადი მაჩვენებელია  კეთილდღეობა რომლის ძირითად პარამეტრს წარმოადგენს განათლებაზე ხელმისაწვდომობა, საშუალო განათლების მაჩვენებელი და ა.შ. -ამ მაჩვენებელში დავწინაურდით ჩვენ. ქვეპარამეტრია ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, დამოუკიდებელ მედია საშუალებებზე წვდომა- ამ პარამეტრში მდგომარეობა გაუმჯობესდა. ასევე გაუმჯობესებულია ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. რასაც ვერ ვიტყვით გარემოსდაცვით კომპონენტებზე, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება გამონაბოლქვსა და ემისიებზე.
მესამე ძირითად ფაქტორს წარმოადგენს  შესაძლებლობები- აქ შედის ისეთი კომპონენტები, როგორიცაა პოლიტიკური უფლებები, რელიგიის თავისუფლების ხარისხი, ქალთა უფლებები, კანონის უზენაესობა, დასაქმება, ადრეულ ასაკში ქორწინება, კორუფცია, სექსუალურ მცირესობათა უფლებები, გენდერული თანასწორობა და საერთაშორისო რეიტინგებში უმაღლესი სასწავლებლების ადგილი.
მნიშვნელოვანია ასევე უფლებებისა და თავისუფლების ხარისხი, პოლიტიკური უფლებები, კანონის უზენაესობა, რელიგიის თავისუფლება, ქალთა უფლებები.
ერთერთი კრიტერიუმი, რომლითაც ყველაზე უკან ვართ სარეიტინგო სიაში ეს არის პირადი უსაფრთხოება, სადაც ჩვენი ქვეყნის სარეიტინგო ქულა 60, 08- ია და 87 ადგილზე ვიმყოფებით. რა იგულისხმება პირად უსაფრთხოებაში და რა პრობლემები და გამოწვევები გვაქვს ამ კუთხით ?
ეს პარამეტრი არის შემადგენელი ნაწილი ძირითადი ადამიანის საჭიროებების კომპონენტის.  ეს ქვე პარამეტრი მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა წამება და პოლიტიკური ნიშნით მკვლელობა, კრიმინალი და საგზაო უსაფრთოხება.  ყველა ამ კომპონენტში უკან გადავედით, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია სწორედ 87ადგილი.  მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი ღონისძიებები ტარდება საგზაო უსაფრთოხბასთან დაკავშირებით, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ სამწუხაროდ, მაჩვენებელი არ იკლებს. აღიარებული დანაშაულები, ასევე გახმაურებული და გამოუძიებელი მკვლელობა-თვითმკვლელობები, ბუნებრივია, რომ ზემოქმედებას მოახდენდა და მოხვდებოდა ამ მაჩვენებლებში. 
რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეფასება ქვეყნის განვითარების ძლიერი და სუსტი მხარეების წარმოსაჩენად და ხარვეზების გამოსასწორებლად და როგორ ხდება ამის გათვალისწინება ?
ნებისმიერი რეიტინგი, კვლევა, რომელიც აღიარებული და საერთაშორისოა, ქმნის ქვეყნის იმიჯს შესაბამისი მიმართულებით, ამიტომ მთავარი გამოწვევა, რომელიც ამ და სხვა კვლევებიდანაც იკვეთება, ესაა ჩვენი ეკონომიკური ზრდა, ( ამ კვლევის საფუძველიც ხომ მშპ-ს კომპონენტია) . შესაბამისად სწორი და სწრაფი ეკონომიკური განვითარება ხელს შეუწყობს ყველა იმ კომპონენტის გაუმჯობესებას, რომლითაც აღნიშნული ინდექსის გამოთვლა ხდება.
კრიმინალის ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი, ხომ ადამიანის ფინანასური მდგომარეობაა, შემოსავლის სიმწირე და უმუშევრობა. როდესაც თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, უმთავრესია, გავითავისოთ, რომ ნებისნიერ სფეროს ჭირდება მეტი თავისუფლება უკეთესი განვითარებისთვის, ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში. იქნება ეს მედია, ვაჭრობა, განათლება თუ სხვა.  განათლების დონის ზრდა და უკეთეს განათლებაზე ხელმისაწვდომობაც ბუნებრივია საზოგადოების ცნობიერებას აამაღლებს და შესაბამისად შემცირდება  როგორც დანაშაულებები, ასევე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და სხვა. დიახ, გამოსავალი მხოლოდ სწრაფ და სწორ ეკონომიკურ განვითარებაშია. „
ანა ურუშაძე

წყარო: http://www.ttimes.ge/archives/96670?fbclid=IwAR1KGkaCUT3Q1YZBXao2GZMOleIQTRbPYuXc4BdRfvj3FZAyK0MkyQ8BWy0 

No comments:

Post a Comment