Saturday, December 1, 2018

სესხების განულება

საქართველოში დიდი კამათი და აჟიოტაჟი გამოიწვია მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომ ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, „შავ სიაში“ შეტანილი ვალების თითქმის 95% ისეთი სესხებია, რომელთა ძირი თანხაც 2000 ლარს არ აღემატება. ეს არის ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დაგროვილი დავალიანება, რომელიც ჯამში 1,5 მილიარდ ლარს აღწევს. მისივე თქმით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და თითქმის 150 000 სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ახალ წელს ვალის გარეშე შეხვდება. ცნობილია ისიც, რომ აღნიშნულ თანხას სრულად დაფარავს და შეისყიდის ფონდი „ქართუ“. „ბიზნესპოსტი“ დაინტერესდა როგორ აფასებენ ფინანსიტები ამ გადაწყვეტილებას და რამდენიმე მათგანს ესაუბრა:

ქეთევან კრიალაშვილი - ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი:
უიმედო ვალების გასტუმრებას ეკონომიკური ეფექტი არ მოჰყვება?
-საბოლოო ჯამში ეს არის კერძო პირის და კერძო ფონდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. გავრცელებული ინფორმაციით, ფონდი „ქართუ“ 600 ათასი ადამიანის დავალიანების დაფარვას აპირებს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არ იქნება 600 ათასი კაცი, რადგან ზოგიერთს რამდენიმე ბანკში აქვს სესხი აღებული, შესაბამისად, ეს ციფრი შესაძლოა შემცირდეს. კიდევ ერთი რამ უნდა აღვნიშნო: ამ ადამიანებს თავიდან  გაცილებით ნაკლები თანხა ჰქონდათ ნასესხები, მაგრამ დროთა განმავლობაში თავდაპირველ 500 თუ 600 ლარს დიდი რაოდენობით პროცენტი დაემატა და ამის გამო გახდა 2000 ათასი ლარი, მთლიანობაში კი - 1,5 მილიარდი. მე არც ერთი ფონდი არ მეგულება, რომელიც ამხელა თანხას ნახევარ თვეში დახარჯავს, ამიტომ, ფონდი „ქართუ“ ძირი თანხის გადახდას აპირებს და არა - მთლიანი ფულისა, რომელიც მსესხებლებს პროცენტებთან ერთად დაუგროვდათ. თუ „ქართუ“ თავდაპირველ, ძირ თანხას დაფარავს, ბანკები მისი მადლობელნი უნდა იყონ. რაც მთავარია, ეს თანხა ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, რომელიც ხალხს ვალების ჩამოწერას ბიუჯეტის და საგარეო ვალების იმედზე ჰპირდება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს უიმედო ვალებია, რომელსაც მთლიან პორტფელში მხოლოდ 5%-ი უკავია, დანარჩენი 95% ვალებს კეთილისინდისიერად იხდის და კომერციული დაწესებულებები უიმედო ვალების კომპენსაციას ამ გზითაც ახერხებენ. მოკლედ, ისინი არაფერს კარგავენ. რას შეცვლის ჩვენს ეკონომიკაში უიმედო ვალების გასტუმრება? - თითქმის არაფერს. ეს ფული კერძო სექტორის გასაძლიერებლად და ახალი საწარმოების ასაშენებლად რომ დახარჯულიყო, ჩვენი ეკონომიკა უფრო მოიგებდა, ახლა კი, მას არანაირი ეკონომიკური ეფექტი არ ექნება. უბრალოდ, მივიღებთ ადამიანებს, რომლებსაც ვალი აღარ ექნებათ და ამით პრობლემები შეუმსუბუქდებათ. 

სოსო არჩვაძე - ეკონომიკის ექსპერტი:
ორივე მხარისთვის მომგებიანი გარიგება
-დავიწყებ იმით, რომ განულების პროცესი სესხების მთლიანი მოცულობის 1/10-ს და უფრო ნაკლებს შეეხება. ლაპარაკია ხალხზე, რომელსაც 2000 ლარზე უფრო მცირე სესხი აქვს და ამ სესხების წილი მთლიან პორტფელში მცირეა. ეს ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად აღებული ვალებია, როცა ადამიანს ფული დასჭირდა და ბანკისგან, ან სხვა საფინანსო ორგანიზაციისგან ისესხა. თანაც, ეს ჩამოწერილი სესხებია და მათი ამოღების შანსი ძალიან დაბალია. ბანკებს და მიკროსაფონანსო ორგანიზაციებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ ამ ფულს უკან დაიბრუნებდნენ. მმართველი გუნდი მათ შედარებით ნაკლებ თანხას სთავაზობს იმ პირობით, რომ ამ ადამიანებს ვალს ჩამოაწერენ. ჩემი აზრით, კომერციული დაწესებულებები მოგებაში არიან, რადგან ეს ფაქტობრივად დაკარგული, „მკვდარი ფულია“, რომელსაც მაინც ვერ იბრუნებდნენ. ახლა კი, მათ რაღაც ნაწილის ამოღების შანსი უჩნდებათ და ეს წინადადება მათთვის მისაღები უნდა იყოს. როგორც ვიცი, ფინდ „ქართუს“ წელს 100 მილიონი ლარის რეზერვი აქვს ამ სესხებისთვის გამოყოფილი. რატომაც არა? - ამ გარიგებით ბანკები უიმედო სესხებს ჩამოწერენ და თანხის ნაწილს უკან დაიბრუნებენ, ხოლო ფიზიკური პირები, რომლებსაც ეს ვალები ჩამოეწერებათ, თავისუფლად შეძლებენ ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ. ასე რომ, ორივე მხარე მოგებული რჩება, ოღონდ, ე.წ. შავ სიაში მყოფი მომხმარებლები ისე თავისუფლად ვეღარ შეძლებენ ახალი ვალების აღებას, რადგან 2019 წლიდან ახალი რეგულაციები შედის ძალაში და თითოეული სესხის გაცემაზე შედარებით მკაცრი კონტროლი დაწესდება. ბანკი უარს ეტყვის სესხის გაცემაზე ყველას, ვისაც მომავალში მისი გასტუმრება გაუჭირდება. სესხის აღება შემოსავლის მიხედვით იქნება შესაძლებელი და ეს ხალხი ახალ სესხებს თავისუფლად ვეღარ აიღებს.
რა არის ამ გადაწყვეტილების უარყოფითი მხარე? - ალბათ ის, რომ ახლა წინასაარჩევნო პერიოდია: ამან ბევრს გაუჩინა განცდა, რომ ყველაფერი პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი. ძნელია ეს ხალხი გადაარწმუნო, რაც უნდა ობიექტური არგუმენტები მოვიყვანოთ. თუ ადამიანი წლების განმავლობაში 2 ათასი ლარის გადახდას ვერ ახერხებს და ვინმე ხელს წაუკრავს, ამაში ცუდი რა უნდა იყოს? ჰპირდებიან, რომ ახალ წლამდე ასეთ ხალხს ვალი აღარ ექნება და ვნახოთ ეს პროცესი როგორ წარიმართება. როგორც იტყვიან - აღდგომა და ხვალეო.
მიხეილ თოქმაზიშვილი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: 
ქველმოქმედება თუ პოლიტიკა? 
-საერთოდ, ვალების განულების პრაქტიკა ყოველთვის მოსაწონი არ არის, რადგან ეს მოსახლეობაში უთანასწორობის განცდას ქმნის - ვინც ვალი გადაიხადა, ის დაზარალებული რჩება და ვინც არ გადაიხადა - მოგებული, თუმცა ამ ინიციატივას სოციალური დატვირთვა აქვს და ამით არის საყურადღებო.  თუკი ვინმე დაეხმარება ადამიანს,რომელიც რთულ მდგომარეობაშია და შეიძლება ვალის გამო ყველაფერი დაკარგოს, ამაში ცუდი არაფერია. მით უმეტეს,  ამ ღონისძიებით ბანკებიც სარგებელს  იღებენ და ის ადამიანებიც, ვისაც ვალს დაუფარავენ.  მხოლოდ ის კომერციული ბანკი ჩავარდება რთულ მდგომარეობაში, რომელიც ვალის დაფარვას იკისრებს, რადგან აქტივები შეუმცირდება.  ამასთან, თუ ეს თანხა მიმოქცევაში ერთბაშად გამოვა, ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს როგორც ვალუტის კურსზე, ასევე - მთელ ქართულ ეკონომიკაზე. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ფონდი „ქართუ“ შეეცდება უიმედო ვალები თანდათან დაფაროს და ეს პროცესი დროში გაანაწილოს. აუცილებლად უნდა შევეხო ამ ინიციატივის კიდევ ერთ უარყოფით მხარეს: ჩვენ ვიცნობთ ხალხს, რომელმაც ბევრი რამ გაყიდა, რომ ბანკის ვალი დაეფარა. ახლა ეს ხალხი ნანობს, რა გვეჩქარებოდა, ვალებს რომ ვიხდიდითო... ამიტომ, არავის უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ მსგავსი რამ ყოველი არჩევნების დროს გაკეთდება და ვალების ჩამოწერა ტრადიციად იქცევა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ერთჯერადი აქტია და ვალს გასტუმრება სჭირდება.

ხათუნა ჩიგოგიძე: http://businesspost.ge/geo/page/interview/2471 

No comments:

Post a Comment